ირაკლი ქარსელაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
17 მარტი 2023
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა.
თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხელმძღვანელობს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარება ქვეყანას სრულიად ახალ შესაძლებლობებს უჩენს.
ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია, საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, არასახიფათო ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მათ შორის, აღნიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ისაუბრეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის ახალი მასშტაბური პროგრამების შესახებაც. ასევე, აღინიშნა 21 წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მთელ ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრესი და ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების აქტიური პროცესი.
თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მასშტაბს და გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესი გაააქტიურონ და გააღრმავონ ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის წევრები, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.